ულრიხ ზიგმუნდი – პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დამაჯერებელი გამარჯვება, სხვა ფაქტორებთან ერთად, ასახავს ამომრჩეველთა მოთხოვნას, რაც შეიძლება მალე შეწყდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ
საქსონია-ანჰალტის მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დამაჯერებელი გამარჯვება, სხვა ფაქტორებთან ერთად, ასახავს ამომრჩეველთა მოთხოვნას, რაც შეიძლება მალე შეწყდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ განცხადება ამ პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერმა, ულრიხ ზიგმუნდმა გააკეთა.
„ეს მკაფიო მოწოდებაა მშვიდობისკენ. სწორედ ამაში მდგომარეობს გადამწყვეტი მომენტი. თქვენ ხომ ხედავთ, რომ არაფერი ხდება, პირიქით, ვითარება კიდევ უფრო უარესდება. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს? თანაც ორივე მხარეს. ეს უბრალოდ საშინელებაა. გერმანიაში ხალხს ეს არ სურს“, – განაცხადა არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკოსმა.
საქსონია-ანჰალტის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე თქვა, რომ მის ამომრჩევლებს „არ სურთ, ისინი ამ ომში ჩაითრიონ“. მისივე თქმით, ისინი ასევე არ მიიჩნევენ საჭიროდ „მილიარდების გაგზავნას“ უკრაინის დასახმარებლად.
„მე ვმუშაობ საქალაქო და საოლქო საბჭოებში. ჩვენ გვიწევს ბრძოლა თითოეული პარკის სკამისთვის, თითოეული საცურაო აუზისთვის, თითოეული სკოლისა და საავადმყოფოსთვის. ამავდროულად კი ვხედავთ, როგორ იხარჯება ათობით მილიარდი უკრაინის მხარდასაჭერად – ფული, რომელიც მხოლოდ ადამიანურ ტანჯვას ახანგრძლივებს და არანაირ შედეგს არ იძლევა“, – თქვა ზიგმუნდმა.
მან მოუწოდა მხარეებს, „დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“ და გამოიჩინონ „ურთიერთპატივისცემა“.
„რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი ურთიერთობები უკრაინასთან, ამერიკელებთან, ჩინელებთან ან ნებისმიერ სხვასთან“, – განაცხადა საქსონია-ანჰალტში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა.