ულრიკ ტიდესტრომი - საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების დაკმაყოფილების მაჩვენებელი შვედეთში თითქმის ნულის ტოლია
ულრიკ ტიდესტრომი - საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების დაკმაყოფილების მაჩვენებელი შვედეთში თითქმის ნულის ტოლია

საქართველოში შვედეთის ელჩი ​ულრიკ ტიდესტრომი შვედეთიდან საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის საკითხს ეხმაურება. მისი განმარტებით, ორ ქვეყანას შორის დიალოგი და თანამშრომლობა გაძლიერდა.

ელჩის განცხადებას საქართველოში შვედეთის საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

​ულრიკ ტიდესტრომის თქმით, ერთობლივი ძალისხმევა მიმართულია უვიზოდ მიმოსვლის ბოროტად გამოყენების შესაჩერებლად და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდას შვედეთში, მსურს, შვედეთის სახელით, გავაკეთო შემდეგი განმარტებები:

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შვედეთში თავშესაფრის მოთხოვნათა განცხადებების რაოდენობა გაიზარდა. 2016 წელს შვედეთს საქართველოს 737 მოქალაქემ მიმართა თავშესაფრის მოთხოვნით. 2017 წელს, როცა უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, ეს რიცხვი 1105-მდე გაიზარდა. 2018 წელს შვედეთში თავშესაფრის მაძიებელი წარმოშობის ქვეყნების მიხედვით, საქართველო 1156 განცხადებით მეოთხე ადგილზეა. მცირე გამონაკლისების გარდა, ყველა განცხადება მიიჩნევა უსაფუძვლოდ, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი თითქმის 0 პროცენტია“, – აცხადებს დიპლომატი

მისივე თქმით, დადგენილია, რომ შვედეთში სახლების ქურდობის შემთხვევების ნახევარი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისგან, მათ შორის ქართველებისაგან შემდგარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერაა ჩადენილი. ელჩის განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს მაღაზიის დახლებიდან ნივთების მოპარვაც.

„მიუხედავად იმისა, რომ იკვეთება აღნიშნული პრობლემის უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენებასთან კავშირი, ნამდვილად არ მივიჩნევთ, რომ თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს ყველა მოქალაქე ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში. აქვე მსურს, ხაზი გავუსვა, რომ შვედეთის პოლიციამ გააძლიერა ძალისხმევა ორგანიზებული ქურდული ჯგუფების შესაჩერებლად და აღნიშნულ ღონისძიებებს თვალსაჩინო შედეგი აქვს“, – აცხადებს ურლიკ ტიდესრომი.

მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ღირებული მონაპოვარია, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი პასუხისმგებლობა და „საერთო ინტერესების მისი დაცვა“- განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა.