ულფ კრისტერსონი – დემონსტრაციების გამართვისა და საკუთარი აზრის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება ფუნდამენტურია, თუმცა განურჩეველი ძალადობისა და ნგრევის ტალღა, რომელსაც ბოლო დღეებში ვხედავთ, სრულიად განსხვავებული მოვლენაა
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონის განცხადებით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები რამდენიმე ქვეყანაში ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ქუჩებისა და მოედნების დაზიანება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება, მაღაზიების ძარცვა და ვიტრინების ჩამსხვრევა მოჰყვა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დემონსტრაციების გამართვისა და საკუთარი აზრის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპია, თუმცა ეს ძალადობასა და ნგრევას ვერ გაამართლებს.
„ბოლო დღეებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ არეულობას ბევრი ჩვენგანი შეშფოთებით ადევნებდა თვალს. მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. დაზიანდა ქუჩები და მოედნები, განადგურდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გაძარცვეს მაღაზიები და ჩაამსხვრიეს ვიტრინები. მაღაზიის მფლობელები იძულებულნი გახდნენ, ეყურებინათ, როგორ ნადგურდებოდა მათი მრავალწლიანი შრომის შედეგი, ან თავად გამხდარიყვნენ ძალადობის სამიზნეები. დემონსტრაციების გამართვისა და საკუთარი აზრის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება ფუნდამენტურია. ეს ყველა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა დავიცვათ. თუმცა, განურჩეველი ძალადობისა და ნგრევის ტალღა, რომელსაც ბოლო დღეებში ვხედავთ, სრულიად განსხვავებული მოვლენაა. ის ადასტურებს, რომ არ არსებობს პატივისცემა იმ ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ, რომლებსაც ჩვენი ღია და თავისუფალი საზოგადოებები ეფუძნება. ძალადობა არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამართლდეს და არ უნდა მოხდეს მისი მნიშვნელობის დაკნინება. ევროპაში განვითარებული სასტიკი მოვლენები მკაფიოდ გვახსენებს, რომ ამ პრინციპს უნდა მივყვეთ, მათ შორის აქ, შვედეთშიც“, – წერს კრისტერსონი.