უკვე ოფიციალურად - ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მწვრთნელია #1TVSPORT
უკვე ოფიციალურად - ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მწვრთნელია #1TVSPORT

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელია – ინფორმაცია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

„კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ მიღწეულია პრინციპულ შეთანხმება თემურ ქეცბაიასთან ჩვენი ვაჟთა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის კონტრაქტს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების დასრულებამდე. ქეცბაიას აქვს დიდი გამოცდილება და ბევრ წარმატებას მიაღწია საკლუბო და ეროვნულ დონეზე, როგორც მწვრთნელმა და ასევე როგორც ფეხბურთელმა“, – წერია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის გვერდის გავრცელებულ ცნობაში.

მოლაპარაკება ორშაბათს დასრულდა, კვიპროსის ფედერაციასთან ქართველი მწვრთნელი შეთანხმდა – კონტრაქტი ითვალისწინებს თანამშრომლობას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე.

თემურ ქეცბაიას კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ მას უფლება აქვს გაწყვიტოს სხვა შეთავაზების შემთხვევაში პირველ წელს. მასთან ერთად ქართველი ნაკრებში საკუთარ ასისტენტს აიყვანს. ქართველის დებიუტი კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში 24 სექტემბერს, „აეკ არენაზე” საბერძნეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის მეხუთე მატჩში იგეგმება.

ქეცბაია პირველად კვიპროსში „ანორთოსისის“ ფეხბურთელის რანგში 30 წლის წინ, 1992 წელს ჩავიდა. სამწვრთნელო კარიერა 2004 წელს „ანორთოსისში“ დაიწყო და იმ დროს ჯერ კიდევ მოთამაშე-მწვრთნელი იყო. მან „ანორთოსისთან“ ერთად ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, 2008 წელს გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც კვიპროსის გუნდი ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეიყვანა.

2009-2015 წლებში იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი – ასევე მუშაობდა პირეოსის „ოლიმპიაკოსში“, „აპოელში“, ათენის აეკ-ში და რუსეთის „ორენბურგში“. 2019 წელს დაბრუნდა „ანორთოსისში“, რომელთანაც 2021 წელს მოიგო კვიპროსის თასი და გუნდი გაიყვანა კონფერენს ლიგის ჯგუფში – „ანორთოსისი“ 2022 წლის მაისში დატოვა.