„უკრგაზბანკი“ აცხადებს, რომ  რუს სამხედროებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტყვედ ჩაბარდებიან, ასი ათას რუბლს გადაუხდის
„უკრგაზბანკი“ აცხადებს, რომ რუს სამხედროებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტყვედ ჩაბარდებიან, ასი ათას რუბლს გადაუხდის

უკრაინის სახელმწიფო ბანკი ტყვედ ჩაბარების სანაცვლოდ, რუს სამხედროებს ასი ათას რუბლს სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ბანკი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.

სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი „უკრგაზბანკი“ იტყობინება, რომ მზად, არის ნაღდი ანგარიშსწორებით ასი ათასი რუსული რუბლი გადაუხადოს იმ რუს სამხედროებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტყვედ ჩაბარდებიან.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთის არმიას აკლია მოტივაცია, ამიტომ გადავწყვიტეთ, მათ ცოტათი ვუბიძგოთ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. მზად ვართ, გადავიხადოთ იმაზე მეტი ფული, ვიდრე მათ სახლში სთავაზობენ. ჩვენ მზად ვართ, ყველა რუს დამპყრობელს, ვინც მიიღებს ჩვენს შეთავაზებას, გადაწყვეტს, ჩაბარდეს ტყვედ იარაღითა და აღჭურვილობით, შევთავაზოთ 100 ათასი რუბლი ნაღდი ფულით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ბანკმა აღნიშნა, რომ მათთვის რუსულ რუბლს არანაირი ღირებულება არ აქვს.

„ჩვენ გვესმის, რომ „სტუმრები“ შორეული წარსულიდან არიან, სადაც Visa და Mastercard გადახდის სისტემები არ მუშაობს, ამიტომ გარანტიას ვაძლევთ, რომ გადავუხდით მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. ამ ფულს ჩვენთვის არანაირი ღირებულება არ აქვს, მაგრამ ხომ არ დავწვავთ. ამასთან, ეს არ არის ეკოლოგიურად სუფთა“, – აღნიშნეს დაწესებულებაში.

„უკრგაზბანკმა“ საბანკო სექტორის კოლეგებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ ამ ინიციატივას.

„იმედი გვაქვს, საბანკო სექტორში ჩვენი კოლეგებიც დაუჭერენ მხარს მსგავს ინიციატივას. ეს შეიძლება, გახდეს კიდევ ერთი დამატებითი წვლილი მტერზე ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.