უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და მიკოლაევზე ირანული წარმოების დრონებთ მიიტანეს იერიში, არიან დაშავებულები
უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და მიკოლაევზე ირანული წარმოების დრონებთ მიიტანეს იერიში, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და მიკოლაევზე ირანული წარმოების დრონებთ მიიტანეს იერიში, სუმის მიმართულებით კი ცეცხლი გახსნეს ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და „გრადებიდან“, არიან დაშავებულები, – შესაბამის ინფორმაციას უკრაინის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, მიკოლეავის რაიონში „ეს-300“-ის რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელი სახლს მოხვდა, რის შედეგადაც მეხუთე სართულზე მდებარე ბინა მთლიანად განადგურდა. ასევე დაზიანდა გვერდით მდებარე 10-სართულიანი სახლი, საბავშვო მოედანი და რამდენიმე ავტომობილი. დაშავებულია სამი ადამიანი. უკრაინული მხარის ცნობით, ასევე მტრის მიერ გახსნილმა ცეცხლმა დაანგრია საწყობი, რის შედეგადაც ერთი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზაპოროჟიეს რაიონში დაზიანებულია კერძო სახლები და სკოლის შენობა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ იერიში მიიტანა ხარკოვის ოლქშიც. ჰოსპიტალიზებულია ერთი ადამიანი.

რაც შეეხება დონეცკის ოლქს, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის ძალები კვლავ ცდილობენ ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე შეტევას.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ხერსონის ოქლში, სადაც ოკუპანტები მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას ატარებენ. უკრაინული მხარის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს აქტიურად გააქვს სახელმწიფო დაწესებულებების ქონება, გაზრდილია მაროდიორობის შემთხვევები.

რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ხერსონის ბერისლავსკის რაიონზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.