უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე დრონებით იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე დრონებით იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე დრონებით იერიში მიიტანეს.

უკრაინული მხარის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულია 14 წლის გოგონა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი იტყობინება.

ლისაკის ცნობით, ქალაქში დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი. ერთ-ერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა.

ამას გარდა, თავდასხმა განხორციელდა პავლოგრადის რაიონის ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებაზე. განადგურებულია საქონელი.

დრონებით იერიშის შედეგად დაზიანებულია სახლები დნიპროშიც. რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ნიკოპოლზეც, სადაც რვა კერძო სახლი და გაზსადენი დაზიანდა.

ამას გარდა, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის დანაყოფების საომარი მოქმედებების შედეგად გასული დღე-ღამის განმავლობაში ოთხი ადამიანი მოკლულია დონეცკის ოლქში, ერთი კი – ხერსონის.