უკრაინული მხარის ცნობით, რუსებმა ბახმუტთან საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი
უკრაინული მხარის ცნობით, რუსებმა ბახმუტთან საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი

რუსებმა ქალაქ ბახმუტთან მდებარე, დასახლება ჩასოვ იარიშში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი და დაშავებულია ხუთი.

ამასთან, სახლის ნანგრევებში სულ მცირე 34 ადამიანია მოყოლილი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სახლის ორი შესასვლელი მთლიანად დაინგრა. ადგილზე მაშველები მუშაობენ, ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. ადგილობრივების თქმით, იქ სავარაუდოდ 34 ადამიანია, მათ შორის 9 წლის ბავშვი“, – წერს დონეცკის გუბერნატორი, პაველ კირილენკო.

მისი თქმით, მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მყოფ ორ ადამიანთან კონტაქტის დამყარება შეძლეს. პაველ კირილენკო აცხადებს, რომ ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რუსული „ურაგანის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.