უკრაინული მხარის ცნობით, ღამით რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და „გრადის“ სისტემებით მიიტანეს იერიში
ღამით რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და „გრადის“ სისტემებით მიიტანეს იერიში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დარტყმების სამიზნე გახდა რაიონული ცენტრი, ასევე რამდენიმე სოფელი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურის ობიექტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი, დარტყმების სამიზნე დნეპროპეტროვსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტები იყო.
ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დაიკავეს ხარკოვის ოლქში დასახლებული პუნქტი ზელენი გაი, ასევე საოკუპაციო ძალებს წინსვლა აქვთ დასახლება ლოზოვასთან.
ანალიტიკოსების მონაცემებით, დონეცკის ოლქში რუსეთის ძალებმა წინ წაიწიეს დასახლებულ პუნქტ პოპივ იართან. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის ძალების შეტევის ძირითადი სამიზნე დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის მიმართულებაა.
ამას გარდა, ღამით უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელა რუსეთის ვორონეჟის ოლქში. რუსულ ტელეგრამარხებში გავრცელებული ცნობით, თავდასხმის სამიზნე მსხვილი სარკინიგზო კვანძი გახდა ქალაქ ლისკიში. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის განცხადებით, შეფერხდა მატარებლების მიმოსვლა. გუბერნატორის ინფორმაციით, დაშავებულია რკინიგზის თანამშრომელი.
უკრაინული დრონების შეტევის ფონზე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი კი აცხადებს, რომ კვირას ბელგოროდში არ იმუშავებს სავაჭრო ცენტრები და ბაზრები, დახურული იქნება გასართობი პარკები. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, მომავალი კვირიდან საჯარო მოხელეები მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.