უკრაინული მედიის შეფასებით, მარკ რუტეს ანგარიშში ნატო-ში გაწევრიანებაზე ჩანაწერის არარსებობა უკავშირდება ტრამპის ადმინისტრაციის დოკუმენტს, რომლის მოთხოვნაა, რომ უკრაინა არ გახდება ნატო-ს წევრი
უკრაინული მედია წერს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ყოველწლიურ ანგარიშში აღარ გვხვდება ფორმულირებები, რომ უკრაინა მომავალში ალიანსის წევრი გახდება და რომ მისი გზა ნატო-სკენ შეუქცევადია.
გამოცემის ცნობით, 2024 წლის ანგარიში მნიშვნელოვნად განსხვავდება გასული წლის დოკუმენტისგან.
2023 წლის ანგარიშში ციტირებული იყო ვილნიუსის დეკლარაციის ტექსტი, სადაც მოკავშირეები აცხადებდნენ, რომ „უკრაინის მომავალი ნატო-შია და რომ ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას მომავალი წევრობისკენ მიმავალ გზაზე“.
2024 წლის ანგარიშში მხოლოდ აღნიშნულია, რომ მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლობენ 16 პარტნიორ ქვეყანასთან.
„ამ პარტნიორებს შორის ნატო-მ შექმნა სპეციალური სტრუქტურები უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
უკრაინული მედიის ცნობით, ანგარიში ადასტურებს ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკას, რომლის თანახმადაც, ალიანსის წევრობა ღიაა ნებისმიერი ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპებს.
ამასთან, უკრაინული მედიის შეფასებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანგარიშში არ არის ნახსენები ფორმულირება ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის გადაწყვეტილებიდან, რომელმაც 2024 წლის ზაფხულში აღიარა, რომ მოკავშირეები „მხარს დაუჭერენ უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე, რომელიც მოიცავს ნატო-ს წევრობას“.
ანგარიშში ჩამოთვლილია სხვა პუნქტები, რომლებიც მოკავშირეებმა ვაშინგტონში მიიღეს და რომლებიც ეხება უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის წარმოებაში. ანგარიშის წინასიტყვაობაში, უკრაინისადმი მიძღვნილ ნაწილში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აღნიშნა:
„მომავალზე ფიქრისას ნატო-ს მოკავშირეები ერთიანი არიან უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვაში“.
უკრაინული გამოცემა ამ ფაქტს უკავშირებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას გადასცა სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტი, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოცემულია დაპირება, რომ უკრაინა არ გახდება ნატო-ს წევრი.