უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის კალუგის ოლქს დრონებით შეუტია, ვრცელდება ცნობები ნავთობსაცავზე დარტყმის შესახებ
უკრაინამ დრონებით შეუტია რუსეთის კალუგის ოლქს. ტელეგრამარხები ნავთობსაცავზე დარტყმის შესახებ იუწყებიან.
კალუგის ოლქის გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა იტყობინება, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე, ქალაქ ლუდინოვოში. შაპშა არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელ საწარმოზეა საუბარი, თუმცა რუსული ტელეგრამარხები ადგილობრივ ნავთობსაცავზე გაჩენილი ხანძრის შესახებ წერენ.
„ადგილზე მუშაობს ოპერატიული ჯგუფი და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან“, – დაწერა შაპშამ.
ამასობაში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ტელეგრამარხ SHOT-ს უთხრეს, რომ დაახლოებით 22:00 საათზე ქალაქის თავზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც „ადგილობრივი ნავთობბაზის რაიონში ხანძარი გაჩნდა“.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს ძლიერი ხანძარი და კვამლი ქალაქ ლუდინოვოში. ლუდინოვოს გარეუბანში მდებარეობს ნავთობბაზა „კალუგანეფტეპროდუქტი“, რომელზეც 2024 წელს უკრაინული დრონების თავდასხმა უკვე სამჯერ განხორციელდა.