უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

რუსი ჟურნალისტი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს. საქმე ეხება ეკატერინბურგელ იური იზოტოვს, რომელმაც შესაბამისი მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას უკვე მიმართა. ინფორმაციას „ყრიმი რეალიის“ რედაქცია ავრცელებს.

გამოცემასთან ინტერვიუში იზოტოვი აცხადებს, რომ რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნის საშიშროების წინაშე დგას.

„ჩემს მიმართ წინასაგამოძიებო შემოწმება დაიწყო. ეს უკავშირდება ჩემს პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც მე გამოვაქვეყნე იმ სამართალდამცველების მონაცემები, რომლებიც ზაფხულში, მოსკოვში მიტინგების დაშლაში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემოწმება სისხლის სამართლის საქმის აღძვრით არ დასრულებულა, მე მაინც ძალიან კარგად მესმის, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმის ფაბრიკაცია და ჩემზე ძებნის გამოცხადება ნებისმიერ დროს შეუძლიათ“, – განაცხადა იზიტოვმა.

მისივე თქმით, ის საქართველოში მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის გახსნას აპირებს, რომელიც რუსი პოლიტპატიმრების უფლებებს დაიცავს.

იზოტოვმა 2016 წელს დატოვა რუსეთი. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ დევნა დაიწყება, რადგან ის კიევში ომის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა. მანამდე მას თავშესაფარზე უარი უთხრეს კიევში.