უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ხარკოვის რეგიონი დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რეგიონში აფეთქებები გამოცხადებული საჰაერო განგაშის დროს მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ საჰაერო განგაში და თავშესაფრებში ჩავიდნენ.
უკრაინული მედია წერს, რომ ძლიერი აფეთქებები მოხდა დროებით ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკში, სადაც წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონში კიდევ ერთ დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი. უკრაინის არმიის ჯარისკაცები სოფელ მაკეევკაში შევიდნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების ბატალიონი დაბომბა და გაანეიტრალა.
როგორც მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით იტყობინება, ბოლო ერთ დღეში რუსმა სამხედროებმა ერთი სარაკეტო და ექვსი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე 14-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან.
გავრცელებული ცნობით, რუსები აგრძელებენ თავდაცვითი ხაზების აღჭურვას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. პარალელურად, ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით.