უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დაბომბვის გამო, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დაბომბვის გამო, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს ბომბავს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუჩნდა.

„ყურადღება! რუსეთის ფედერაციის აღჭურვილობა ესვრის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არის ბირთვული საფრთხის რეალური საშიშროება. ჩვენ ვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა ელექტროსადგურის თანამშრომელმა.

ამასთან, ქალაქ ენერგოდარის მერის, დმიტრო ორლოვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ხანძარი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად გაჩნდა.

„საფრთხე გლობალური უსაფრთხოებისთვის! მტრის მიერ ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობებისა და ბლოკების უწყვეტი დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იწვის!“,- განაცხადა მერმა.