ანდრეი ერმაკის გადადგომის შემდეგ, მის ყველა მრჩეველსა და თანაშემწეს დაატოვებინეს თანამდებობები, რამდენიმე პრეზიდენტის ოფისში სხვა პოზიციებზე გადაიყვანეს
უკრაინული მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სამსახურიდან ასევე დათხოვნილი არიან ანდრეი ერმაკის თანაშემწეები და მრჩევლები.
როგორც ცნობილია, 2024 წლის დეკემბერში ანდრეი ერმაკს ცხრა მრჩეველი ჰყავდა. ესენია: ალექსანდრ ბევზი, ლილია პაშინა, ვიკტორია რომანოვა, ტატიანა გაიდუჩენკო, სერგეი ლეშჩენკო, დარია ზაროვნა, მიხაილ პოდოლიაკი, ელინა ელიანოვა, ალექსანდრ როდნიანსკი.
„უკრაინფორმი“ პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერმაკის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი თანაშემწეები და მრჩევლებიც გათავისუფლდნენ, თუმცა სერგეი ლეშჩენკო, მიხაილ პოდოლიაკი და ალექსანდრ ბევზი, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობენ, პრეზიდენტის ოფისში სხვა პოზიციებზე გადაიყვანეს.
„ეს მართლაც ასეა – ოფისის ხელმძღვანელს როცა ათავისუფლებენ, მისი თანაშემწეებიც და მრჩევლებიც თავისუფლდებიან“, – განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში.
ცნობისთვის, ანდრეი ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა უკრაინაში ხმაურიანი კორუფციული სკანდალის შემდეგ დატოვა.