უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა სტავროპოლში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა სტავროპოლში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული არმიის „ტუ-22 ემ-3“-ის ტიპის ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი სტავროპოლის მხარეში გაანადგურეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელმა სამხედროებმა „ტუ-22 ემ-3“-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი აცხადებს, რომ ეს თვითმფრინავი არის „ხ-22“-ის კლასის ფრთოსანი რაკეტების მატარებელი, რომელსაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებს.

სამხედრო თვითმფრინავის დაკარგვას რუსეთიც ადასტურებს. რუსული მედიის ინფორმაციით, „ტუ-22 ემ-3“-ის ტიპის ბომბდამშენი სტავროპოლის მხარეში საბრძოლო მისიის შესრულების შემდეგ ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავარიის სავარაუდო მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.