უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარეობის არჩევნებში რუსეთის წარმომადგენელს დაუჭირა მხარი
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარეობის არჩევნებში რუსეთის წარმომადგენელს დაუჭირა მხარი

უკრაინამ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარეობის არჩევნებში რუსეთის წარმომადგენელს დაუჭირა მხარი. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურს ამ დრომდე არ განუმარტავს გადაწყვეტილების მიზეზი.

არჩევნებში რუსეთის წარმომადგენელი „გაზპრომ ნეფტის“ თანამშრომელი სერგეი ბარანოვი იყო.

უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელებული პროტოკოლის მიხედვით, თანამდებობაზე რუსი წარმომადგენლის დანიშვნას მხარი 14-მა ქვეყანამ დაუჭირა. მხარდამჭერ ქვეყნებს შორის არიან: ავსტრია, არგენტინა, ბაჰრეინი, ირანი, ესპანეთი, კატარი, ჩინეთი, კორეა, ქუვეითი, მექსიკა, საუდის არაბეთი, ტაილანდი, რუსეთის ფედერაცია და უკრაინა.

კანდიდატის არჩევის წინააღმდეგ ხმები კანადამ, დანიამ, ფინეთმა, ნორვეგიამ და გაერთიანებულმა სამეფომ მისცეს.

უკრაინას აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „სტანდარტიზაციის, სერტიფიცირებისა და ხარისხის პრობლემების კვლევითი და სასწავლო ცენტრი“, რომელიც არის წამყვანი ორგანიზაცია უკრაინაში სტანდარტიზაციის სფეროში. აღნიშნული ცენტრი აღიარებულია ეროვნულ, საერთაშორისო და ევროპულ დონეზე.