თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინამ ავდეევკა კონგრესის უმოქმედობის გამო დაკარგა
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინამ ავდეევკა კონგრესის უმოქმედობის გამო დაკარგა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინამ ავდეევკა კონგრესის უმოქმედობის გამო დაკარგა.

როგორც მედია წერს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ავდეევკაში პოზიციების დატოვება უკრაინის ჯარებს კონგრესის უმოქმედობამ აიძულა და ეს გადაწყვეტილება არ არის განპირობებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გამბედაობის, სამხედრო ბრძანების ან საბრძოლო უნარების ნაკლებობით.

„ეს მოხდა კონგრესის უმოქმედობის გამო. ჩვენ გავაფრთხილეთ კონგრესი, თუ ის არ იმოქმედებდა, უკრაინა ბრძოლის ველზე დაზარალდებოდა და ასეც მოხდა“, – აღნიშნა კირბიმ.

ამასთან, კირბის თქმით, უკრაინის გადაწყვეტილება ავდეევკიდან ჯარების გაყვანის თაობაზე „გონივრულია“, რადგან, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან ომში ღირებულია, უკრაინამ შეინარჩუნოს ადამიანური რესურსები.

როგორც კირბიმ აღნიშნა, უკრაინულმა მხარემ შეძლო რუსეთის თავდასხმების შეკავება რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე არ ამოიწურა საბრძოლო მასალა.

„განსაკუთრებით, საარტილერიო ტიპის საბრძოლო მასალაა საჭირო, რათა რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიონ უკრაინის თავდაცვით ხაზებს და ვერ დაიპყრონ ეს პოზიციები“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა მოუწოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს, უზრუნველყონ, რომ იარაღი და საბრძოლო მასალა უკრაინელ სამხედროებთან რაც შეიძლება მალე მივიდეს.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის არმიაში იარაღის დეფიციტი შეიქმნა და ავდეევკაში მებრძოლებს უკან დახევა მოუწიათ იმის გამო, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.