უკრაინული მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იანვარში იქნება მზად
უკრაინული მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იანვარში იქნება მზად

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იანვარში იქნება მზად და „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე მისი ფინალური ვერსია შემუშავდება. ამის შესახებ უკრაინულ მედიას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანონიმური წყაროები უდასტურებენ.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების გარანტიები დაცვის სამი ძირითადი ხაზისგან შედგება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსებასა და ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი ვალდებულებების უზრუნველყოფას.

როგორც მედია წერს, უსაფრთხოების გარანტიების პირველი ხაზი – ძლიერი უკრაინული არმიაა, რომელიც თავდაცვის მოწინავე ხაზზე იდგება და ასევე ითვალისწინებს „მსურველთა კოალიციის“ მხრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიან მხარდაჭერას, რათა შეძლონ რუსეთის შეკავება ახალი თავდასხმისგან.

უსაფრთხოების გარანტიების მეორე ხაზი – უკრაინაში „მსურველთა კოალიციის“ წევრი სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების კონტინგენტის განთავსებაა, როგორც სტრატეგიული სიგნალი უკრაინის არმიის მხარდასაჭერად. ასევე ძალები განთავსდებიან უკრაინის გარეთაც და საჭიროების შემთხვევაში, მათი დისლოკაცია მოხდება.

მესამე ხაზი დაფუძნებული იქნება გარანტიებზე, რომლებსაც გარკვეულწილად უზრუნველყოფს აშშ და წარმოადგენს ნატოს მე-5 მუხლის გამარტივებულ ფორმულირებას. „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე მიწვეული იქნებიან, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.