უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ჩერნიგოვზე იერიში მიიტანა, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ჩერნიგოვზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანია დაღუპული, მათ შორისაა ერთი ბავშვი.
„წინასწარ ცნობილია ხუთი დაღუპულის შესახებ – მათ შორის ორი ქალი და ერთი წლის ბავშვი, რომლებიც ნანგრევებში იპოვეს“, – განაცხადა ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.
გასულ ღამეს რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა ხარკოვზე. მოსახლეობამ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგო. იერიში მიიტანეს ასევე საცხოვრებელ კორპუსზე, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანია დაშავებული.
„ღამის შეტევა ხარკოვზე. მტრის ექვსი დარტყმა, რომელთაგან ორი პირდაპირი დარტყმა საცხოვრებელ შენობებზე განხორციელდა“, – განაცხადა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა.