უკრაინული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარეში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმას ხანძარი მოჰყვა
უკრაინული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარეში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმას ხანძარი მოჰყვა

რუსეთში, კრასნოდარის მხარის ბელორეჩენსკის რაიონში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმას ხანძარი მოჰყვა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის გამო ქარხნის ტერიტორიიდან პერსონალის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მათივე ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე 50 კვადრატული მეტრის ფართობის ხანძარი გაჩნდა, რომელიც სწრაფად ჩააქრეს.

„25 სექტემბრის ღამეს, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს მახლობლად დრონის ფრაგმენტები ჩამოვარდა. ქარხნის დაახლოებით 140 თანამშრომელი დამცავ ნაგებობაში გადაიყვანეს“, – იუწყებიან მედიასაშუალებები.

ამასთან, უკრაინული მედია „როიტერზე“ დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსულ არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დენთით, ძირითადად ხუთი კომპანია მარაგებს.

ამ კომპანიებს შორის იყვნენ EuroChem, Uralchem, UMMC, „ლუკოილი“ და „ევრაზი“, ყველა მათგანი დაკავშირებული იყო ისეთ ცნობილ რუს მილიარდერებთან, როგორებიც არიან რომან აბრამოვიჩი, ვაგიტ ალეკპეროვი და დიმიტრი მაზეპინი.