უკრაინული მედიის ცნობით, კიევის ცენტრში რადას ორი დეპუტატის მონაწილეობით ჩხუბი მოხდა [ვიდეო]

კიევის ცენტრში რადას ორი დეპუტატის მონაწილეობით ჩხუბი მოხდა. მომხდარს პოლიცია სწავლობს.

როგორც უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ჩხუბში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ალექსანდრ კუნიცკი და უფრაქციო დეპუტატი არტიომ დმიტრუკი მონაწილეობდნენ.

როგორც უკრაინული გამოცემა წერს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მამაკაცი, რომელსაც ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობა, აცხადებს, რომ მას დეპუტატები დმიტრუკი და კუნიცკი თავს დაესხნენ.

მოგვიანებით, ინტერნეტში თავად ჩხუბის ამსახველი კადრებიც გავრცელდა. მამაკაცის თქმით, დეპუტატები მას თაღლითობაში ადანაშაულებდნენ და ფულს ითხოვდნენ.

მედიასთან კომენტარში დმიტრუკმა მომხდარი პროვოკაციად შეაფასა და განაცხადა, რომ მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული და დეპუტატების პროვოცირებას ცდილობდა.