უკრაინული მედიის ცნობით, ხორვატია უკრაინული მარცვლეულის ევროკავშირში ექსპორტის აკრძალვის წლის ბოლომდე გახანგრძლივებას ეწინააღმდეგება
ხორვატია ეწინააღმდეგება უკრაინული მარცვლეულის ევროკავშირში ექსპორტის აკრძალვის წლის ბოლომდე გახანგრძლივებას, – ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
„ევროკავშირმა და უკრაინამ უნდა იპოვონ გამოსავალი, რომელიც უკრაინელ ფერმერებს მისცემს საშუალებას, იმუშაონ ევროკავშირში მარცვლეულის ექსპორტით იმ მოცულობით, რაც მათ სჭირდებათ“, – განაცხადა ხორვატიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მარია ვუჩკოვიცმა უკრაინის აგროპოლიტიკის მინისტრთან, მიკოლა სოლსკისთან ონლაინ შეხვედრისას.
როგორც მედია წერს, ხორვატია გახდა ევროკომისიაში იმ წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი, რომლითაც 14 ქვეყნის მინისტრმა გამოთქვა შეშფოთება ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის დროებითი აკრძალვის გამო. ევროკომისიამ აღნიშნული შეზღუდვების ვადა 5 ივნისამდე დააწესა.