უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის გაზაფხულისთვის მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა

19:11, 20.01.2023

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის გაზაფხულისთვის მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. როგორც უკრაინული მედია გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-ზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის კულუარებში განაცხადა.

პისტორიუსის განცხადებით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს Marder-ის ტიპის 40 ქვეითთა მანქანას, Gepard-ს შვიდ თვითმავალ საზენიტო დანადგარს, Iris-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს და რაკეტებს.

ამგვარად, ბოლოს გამოცხადებული პაკეტის გათვალისწინებით, გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 3,3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

„გერმანია არ გაჩერდება და არ იტყვის უარს უკრაინის მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მოკავშირეებს უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდების საკითხზე შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

მსგავსი