უკრაინული მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე
უკრაინული მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე

უკრაინაში, გასულ ღამეს ფართომასშტაბიანი განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ 30 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიდან 28-ის მოგერიება მოახერხეს.

გენშტაბის ცნობითვე, სუმის რეგიონზე თავდასხმისას დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.

მედიის ინფორმაციით, მასობრივი სარაკეტო იერიში რუსეთმა ზაპოროჟიეს მიმართულებითაც განახორციელა. როგორც ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავჯდომარე იური მალაშკო წერს, რუსეთის სამიზნე იყო საკომუნიკაციო ცენტრები, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობა და ასევე პოპულარული დასასვენებელი ადგილი. ამასთან ერთად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინის ჯარები ზაპოროჟიეს მიმართულებით შვიდ კმ-მდე დაწინაურდნენ. მალიარის თქმით, უკრაინამ გაათავისუფლა რვა დასახლება დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დასავლეთით.