უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის ე.წ. მოლაპარაკების პოზიცია სამ კლასტერთან დაკავშირებით უკრაინას გადაეცა
ლვოვში უკრაინულმა მხარემ ევროკავშირის ე.წ. მოლაპარაკების პოზიცია სამ კლასტერთან დაკავშირებით მიიღო, რაც, უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი ტექნიკური სამუშაოების წარმოების საფუძველი გახდება.
როგორც უკრაინული მედია წერს, დანიის მთავრობის (რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა) გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა, მარი ბიერმა განაცხადა, რომ უკრაინას მიეწოდება ყველა ის მონაცემი, რაც კიევს სჭირდება კომისიასთან სამ კლასტერზე ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის. მედიის ცნობით, ეს კლასტერებია: №1 („საფუძვლები“ – ეს მოიცავს დემოკრატიული პროცედურების, კანონის უზენაესობის და ა.შ. საკითხებს), №2 („შიდა ბაზარი“ – ყველაზე დიდი ჯგუფი) და №6 („გარე საქმეები“ – ყველაზე მარტივი ჯგუფი, სადაც უკრაინა სწრაფი პროგრესის მიღწევას ცდილობს).
ცნობისთვის, ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ უკრაინა და ევროკავშირი შეთანხმდნენ პრიორიტეტული რეფორმების 10-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც კიევმა უნდა განახორციელოს. გეგმა მოიცავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობის შესახებ დებულებებს.