უკრაინული მედიის ცნობით, ბრიუსელი მუშაობს გეგმაზე, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნგრეთის წინააღმდეგობის გვერდის ავლით დაიწყოს
უკრაინული მედიის ცნობით, ბრიუსელი მუშაობს გეგმაზე, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნგრეთის წინააღმდეგობის გვერდის ავლით დაიწყოს

უკრაინული მედიის ცნობით, ბრიუსელი მუშაობს გეგმაზე, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნგრეთის წინააღმდეგობის გვერდის ავლით დაიწყოს.

„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ალტერნატიული სცენარის განხორციელებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

როგორც მედიას მოლდოვის მთავრობის წარმომადგენელმა აცნობა, მოლდოვამ და უკრაინამ გასულ კვირას ევროკავშირს გადასცეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო დოკუმენტები და ეს უნგრეთის თანხმობის გარეშე მოხდა. საქმე ეხება ე.წ. საგზაო რუკებს, რომლებიც განსაზღვრული იქნება, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო კრიტერიუმები.

მედიის ცნობით, ე.წ. ალტერნატიული გეგმის მიხედვით, იმ საკითხებზე, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვნება სავალდებულო არ არის, უკრაინას შეეძლება, გააგრძელოს ტექნიკური და იურიდიული ნაბიჯების გადადგმა წევრობისკენ. ხოლო სადაც ყველა წევრის თანხმობაა საჭირო – ევროკავშირის 26 ქვეყანა, ყველა, უნგრეთის გარდა, კიევთან „პარალელურ მოლაპარაკებებს“ წარმართავს.

როგორც მედია წერს, ეს მოლაპარაკებები, შესაძლებლობის ფარგლებში, სინქრონიზებული იქნება მოლდოვასთან მოლაპარაკებებთან, რათა შენარჩუნებული იყოს შთაბეჭდილება, რომ ამ სახელმწიფოების ერთ პაკეტში გაერთიანება შენარჩუნებულია.

მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან „პარალელურ მოლაპარაკებებს“ იურიდიული წონა არ ექნება, პოლიტიკური მნიშვნელობა ძალიან მაღალია.

სტატიაში ნათქვამია, რომ მოლდოვა და ევროკავშირი როდესაც გამოაცხადებენ მოლაპარაკების პირველი კლასტერის ან პირველი კლასტერების გახსნის შესახებ, უკრაინამ და ევროკავშირის 26-მა სახელმწიფომ უნდა გამოაქვეყნონ ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინამ ასევე დაასრულა სამუშაო იმავე კლასტერებში და ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, უნგრეთის გარდა, კიევთან შესაბამის თავებზე მოლაპარაკებებს წარმართავს.

პუბლიკაციის მიხედვით, ევროკავშირს ასევე შეეძლება უკრაინასთან მთავრობათაშორისი კონფერენციის მოწვევა. ეს გახლავთ სამუშაო ორგანო, რომლის გადაწყვეტილებები განმსაზღვრელია გაფართოების პროცესში.

ევროკავშირის მიერ დამტკიცებული მოლაპარაკებითი ჩარჩო უკრაინისთვის არ მოითხოვს ერთსულოვნებას კონფერენციის მოსაწვევად და ევროკავშირს ამის პერიოდულად გაკეთებას ავალდებულებს.

სტატიის მიხედვით, ასევე არსებობს იდეა, რომ კონფერენციების ნაწილი უკრაინისა და მოლდოვისთვის ერთობლივად ჩატარდეს. „ევროპაისკაია პრავდას“ ცნობით, მოლდოვის შემთხვევაში, ეს კონფერენციები, შესაძლოა, დასრულდეს იმის აღიარებით, რომ კიშინეუმ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის აუცილებელი გარკვეული პირობები შეასრულა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ იურიდიული ნაბიჯები გადადგა. უკრაინის შემთხვევაში, კონფერენციები, შესაძლოა, დასრულდეს ამავე პირობების შესრულების პოლიტიკური აღიარებითა და იმის კონსტატაციით, რომ, იურიდიული თვალსაზრისით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინსვლის ერთადერთ დაბრკოლებად უნგრეთის ვეტო რჩება.

„პარალელური მოლაპარაკებების“ იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შემდგომში, როდესაც ბუდაპეშტის პოზიცია შეიცვლება ან უნგრეთში შეიცვლება ხელისუფლება, უკრაინამ სწრაფად შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინსვლა.