უკრაინული მედია – ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „ევროინტეგრაციულად“ არის მოხსენიებული, თუმცა ეწინააღმდეგება იმ მოთხოვნებს, რომლებიც უკრაინამ უნდა შეასრულოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უმაღლესი რადას მიერ მიღებულ სადავო კანონს, რომელიც ეხება მოსამართლეთა კეთილსინდისიერებასა და ნათესაური კავშირების დეკლარირებას.
როგორც უკრაინული მედია წერს, დოკუმენტი, რომელიც „ევროინტეგრაციულად“ არის მოხსენიებული, ეწინააღმდეგება იმ მოთხოვნებს, რომლებიც უკრაინამ უნდა შეასრულოს.
„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, 24 ივნისს, უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია განახლდა. კანონი დაბრუნდა პრეზიდენტის ხელმოწერით და დაიწყო აქტის გავრცელება.
მანამდე, 9 ივნისს, უმაღლესმა რადამ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი „ევროინტეგრაციულად“ არის მოხსენიებული, საექსპერტო წრეებში ის კრიტიკას იწვევს.
კერძოდ, ორგანიზაცია DEJURE-ში ამტკიცებენ, რომ ის არ აგვარებს იმ პრობლემას, რის გამოც შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები მოსამართლეთა კეთილსინდისიერების დეკლარაციის წესებში წარმოადგენს ე.წ. კაჩკა-კოსის გეგმის ერთ-ერთ მოთხოვნას, თუმცა მიღებული კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ გეგმის ერთ-ერთ პუნქტს. კერძოდ, გეგმა ითხოვს „დროებითი დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების“ ჩართვას უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებაში, ხოლო მიღებულ კანონში ასეთი ნორმები არ არის გათვალისწინებული.