უკრაინული მედია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლოა, რამდენიმე გავლენიან უკრაინელ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოართვას
უკრაინული მედია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლოა, რამდენიმე გავლენიან უკრაინელ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოართვას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლოა, რამდენიმე გავლენიან უკრაინელ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოართვას. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ სამართლებრივ ორგანოებში, პრეზიდენტის ოფისსა და პარტიაში „ხალხის მსახური“ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, მედიასაშუალების ცნობით, მოქალაქეობა შესაძლოა, ჩამოართვან იგორ კოლომოისკის, 2022 წლის მარტში აკრძალული პრორუსული პარტიის თანათავმჯდომარე ვადიმ რაბინოვიჩს და დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ამჟამინდელ ხელმძღვანელ გენადი კორბანს. კორბანი 2014 წელს კოლომოისკის მოადგილე იყო, როდესაც ის დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მარტში რაბინოვიჩი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, თუმცა აცხადებდა, რომ უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობას ეძებდა.

ამავე დროს, საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი ხრისტო გროზევი წერს, რომ დაუდასტურებული ცნობებით, ზელენსკიმ რამდენიმე ოლიგარქს და საკუთარი პარტიის დეპუტატს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. გროზევი იმ პირებს შორის, ვისაც პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა, ასახელებს იგორ კოლომოისკის, გენადი კორბანს, ვადიმ რაბინოვიჩს და ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ დეპუტატ იგორ ვასილკოვსკის.

„დაჟინებული, თუმცა დაუდასტურებული საუბრებია დღეს, რომ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა რამდენიმე ოლიგარქს და საკუთარი პარტიის დეპუტატსაც. ვიკვლევთ ამას…“ – წერს ხრისტო გროზევი „ტვიტერში“.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ აღნიშნავს, 20 ივლისს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ ამჟამად ოლიგარქების შესახებ კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისობის ქვეშ შესაძლოა, 86 ადამიანი მოხვდეს, თუმცა მას არ დაუსახელებია ისინი.