უკრაინული მედია - ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის 12 მოქალაქე შეიწყალა
უკრაინული მედია - ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის 12 მოქალაქე შეიწყალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებებს რუსეთის 12 მოქალაქის შეწყალების შესახებ, რომლებიც უკრაინაში გაასამართლეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რამდენიმე მსჯავრდებულის ადვოკატმა, ვალენტინ რიბინმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მოსკოვსა და კიევს შორის პატიმრების გაცვლის პროცესის დასაწყისია. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

მსჯავრდებულების ადვოკატის, ვალენტინ რიბინის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეებს საპატიმრო უკვე დაატოვებინეს და გადაიყვანეს იმ პუნქტში, სადაც რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პროცესი მონაწილე პირები იკრიბებიან.

მანამდე, ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთში დაკავებული პირების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის დასასრულს უახლოვდება. პუტინის თქმით, ეს შესაძლოა, იყოს პატიმრების „საკმაოდ მსხვილი“ გაცვლა.

5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმირ ცემახი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ცემახი დონბასში მალაიზიური ავიახაზების „ბოინგის“ ჩამოგდების საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმედ მიიჩნევა. მას პატიმრობა 2019 წლის 20 ოქტომბრამდე ჰქონდა შეფარდებული.