უკრაინული მედია – უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნა კვლავ დაბლოკა
უნგრეთი უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნას კვლავ ბლოკავს.
როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, დღეს ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა კვლავ ვერ დაამტკიცა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნა. გადაწყვეტილების მიღებას უნგრეთი ბლოკავს.
წყაროების ცნობით, ევროპელმა დიპლომატებმა ვერ შეძლეს უნგრეთის დარწმუნება, რომ უკრაინისთვის მეორე და მესამე კლასტერების გახსნას დათანხმებოდა.
„წევრ სახელმწიფოებს პოზიციები არ შეუცვლიათ. უნგრეთი უკრაინისთვის მეორე და მესამე კლასტერების გახსნის პროცესის გაგრძელებას არ ეთანხმება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
შესაბამისი კლასტერების გახსნა დაბლოკილია მოლდოვასთვისაც. ბუდაპეშტმა 2026 წლის ივლისში განაცხადა, რომ მზად იყო, მოლდოვისთვის მესამე კლასტერის გახსნა დაემტკიცებინა, თუმცა ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები ამ ეტაპზე არ თანხმდებიან მოლაპარაკებების პროცესში უკრაინისა და მოლდოვის ერთმანეთისგან განცალკევებაზე.
როგორც „ევროპეისკაია პრავდა” წერს, უნგრეთს ჯერჯერობით არ წარუდგენია უკრაინისთვის კონკრეტული მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ახალი კლასტერების გახსნის წინაპირობად ასახელებს.