უკრაინული მედია - უკრაინაში დააკავეს ბიზნესმენი ვასილ ვესელი, რომელიც სახელმწიფო საწარმოებსა და ბანკებზე კონტროლის მოსაპოვებლად, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კავშირებს იყენებდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბიზნესმენი ვასილ ვესელი დააკავა. ის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებულ გამოძიებაში ფიგურირებს, თუმცა დაკავების ოფიციალური მიზეზი უცნობია.
უკრაინული მედიის ცნობით, ვასილ ვესელი სახელმწიფო საწარმოებსა და ბანკებზე კონტროლის მოსაპოვებლად, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კავშირებს იყენებდა.
მანამდე „უკრაინსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა ჩანაწერები, სადაც ვესელი კორუფციული სკანდალის, „მინდიჩგეიტის“ ფიგურანტ ალექსანდრ ცუკერმანთან ერთად განიხილავს, როგორ შეეძლოთ, კონტროლი მოეპოვებინათ უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ საწარმოზე.
2024 წელს გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სავარაუდოდ, ორგანიზება გაუწია საწარმოზე ყადაღის მოხსნას რუსეთთან კავშირების გამოყენებით. სანაცვლოდ ადმინისტრაციამ საწარმოში წილი მიიღო, რომელიც შემდეგ ფიქტიურ პირზე გადააფორმეს. გამოძიების მასალებში დაყადაღებულ აქტივებსა და საბანკო სფეროზე გავლენის მცდელობასთან დაკავშირებით ასევე მოხსენიებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
გამოძიებაში ასევე ფიგურირებს „სენს ბანკი“ – სახელმწიფო ბანკი, რომელიც 2023 წელს რუს მფლობელს ჩამოართვეს და სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ვესელი ბანკის ხელმძღვანელის მრჩეველი. ჩანაწერებმა კი გამოავლინა, რომ ვესელმა და ცუკერმანმა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ერთი თვით ადრე განიხილეს, ვიდრე ის ოფიციალურად გამოცხადდებოდა.
როგორც ვესელმა გამოძიებას განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნაცნობები არ ჰყავდა, სამთავრობო კვარტალს კი მხოლოდ იმიტომ სტუმრობდა, რომ „იქ ცხოვრობს“. ნავთობქიმიურ საწარმოში მისი ძმის, ანდრი ვესელის წილთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ მან ის „საკუთარი სახსრებით“ შეიძინა. თუმცა, საგადასახადო სამსახურის ცნობით, ანდრი ვესელიმ 20 წლის განმავლობაში ოფიციალურად ოთხ მილიონ გრივნაზე ნაკლები შემოსავალი მიიღო.