უკრაინული მედია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ბუჩასა და ირპენში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინული მედია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ბუჩასა და ირპენში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ბუჩა და ირპენი მოინახულეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, უმაღლესი რადას თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას და პაპუაშვილს შაბათს ჰქონდათ საშუალება, ენახათ რუსული არმიის დანაშაულის ადგილები. კერძოდ, „ბუჩაში ნახეს მოქალაქეების მასობრივი საფლავები და დააკვირდნენ კრიმინალური ექსპერტების მუშაობას“.

სტეფანჩუკის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსმენა, არამედ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის საკუთარი თვალით დანახვა. უმაღლესი რადას თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის, უკრაინელი დევნილების დახმარებისთვის და ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელებთან ერთად ქართველი მებრძოლებიც იბრძვიან ამ ომში.

უკრაინული მედიის თქმით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული დელეგაცია კიევის რეგიონში იმყოფება უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობისა და უკრაინელი დამცველების პატივისცემის დასადასტურებლად.

„ეს უნდა გვენახა და მოვინახულეთ მათ შორის ბუჩა, სადაც მოწმენი გავხდით იმისა, როგორ ხორციელდება აგრესია 21-ე საუკუნეში, რომელსაც არ აქვს საზღვარი და წარმოადგენს არაადამიანურობის გამოხატულებას. ამან, რა თქმა უნდა, გაგვახსენა სურათები, რომლებიც ვნახეთ 2008 წელს საქართველოში, ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში განვითარებული მოვლენების დროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველ ხალხს, ისე როგორც სხვას არავის, კარგად ესმის, რას გრძნობს ახლა უკრაინელი ხალხი და კარგად ესმის, რა მამაცურად დგანან უკრაინის ხელისუფლება, უკრაინელი ხალხი ამ რუსულ აგრესიის წინააღმდეგ.

„ამ აგრესიასა და სისასტიკეზე პასუხი უნდა იყოს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამართლებრივი. ამიტომ, საქართველომ საჩივარი შეიტანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და თვალყურს ადევნებს, რომ სასამართლოში ყველა პროცედურა განხორციელდეს, რაც შეიძლება მალე და გაიცეს სამართლებრივი შეფასებები აქ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.