უკრაინული მედია - სააკაშვილის მხარდამჭერ სევერიონ დანგაძეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
უკრაინული მედია - სააკაშვილის მხარდამჭერ სევერიონ დანგაძეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

კიევში, პეჩორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს, სევერიონ დანგაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, – ინფორმაციას უკრაინული ტელეკომპანია 112.ua ავრცელებს.

ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ, რადგან მათი განმარტებით, ბრალდების მხრიდან საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის წარდგენილი. თავად სევერიონ დანგაძე კი თვლის, რომ საქმე მასსა და მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური ზეწოლისთვის აღძრეს და აღნიშნავს, რომ გამოძიებას თავს არ არიდებს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანი ლარისა სერგანი საკუთარ ფეისბუქგვერდზე განმარტავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა“ გირაოს შეფარდებას არ ითვალისწინებს.

„პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სევერიონ დანგაძეს შეეფარდა პატიმრობა 60 დღით, გირაოს შეტანის ალტერნატივის გარეშე. (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილი)“, – აცხადებს სარგანი.

შეგახსენებთ, 5 დეკემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთში გაქცეულ უკრაინელ სერგეი კურჩენკოს შორის შუამავალი სააკაშვილთან დაახლოებული პირი სევერიონ დანგაძე იყო.

პროკურატურის მტკიცებით, სევერიონ დანგაძე, სააკაშვილთან შეთანხმებით, ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით დაუკავშირდა ქვეყნიდან გაქცეულ ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს და შესთავაზა სააკაშვილის მოქმედებების დაფინანსება, სანაცვლოდ კი კურჩენკოს ბიზნესინტერესების განხორციელებას დაჰპირდა.

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, სააკაშვილი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეების, კერძოდ კი სერგეი კურჩენკოს თანხებით ფინანსდება, ქვეყნის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. დანგაძე სწორედ ასეთი ფინანსური სქემების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. „ლუცენკოს განმარტებით, სააკაშვილისთვის კურჩენკომ ორი ტრანში უკვე განახორციელა“, – იტყობინება უკრაინული მედია.