უკრაინული მედია – რუსეთის ძალებმა ოდესას ზედიზედ ორჯერ დაარტყეს, დაშავებულია ათი ადამიანი
რუსეთის ძალებმა ოდესის ცენტრალურ ნაწილზე თავდასხმა განახორციელეს. შედეგად ათი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ორი მაშველი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესას ზედიზედ ორჯერ დაარტყეს. მეორე დარტყმა მაშინ განხორციელდა, როცა სამაშველო სამსახურები პირველი იერიშის შედეგებს უმკლავდებოდნენ და დაშავებულებს ეხმარებოდნენ.
უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე 11-სართულიანი ადმინისტრაციული შენობა გახდა. დაზიანდა ავტომობილებიც.
რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზეც განახორციელა თავდასხმა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.