უკრაინული მედია - ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი
უკრაინული მედია - ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.

შესაბამისი შეტყობინება უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ფოსტით გაუგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი „სტრანა.უა“ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილ მდივან ალექსანდრ ტურჩინოვზე დაყრდნობით იუწყება.

საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით.

ოქტომბერში ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს უკრაინელ ოპოზიციონერ პარლამენტარ ვიქტორ მედვედჩუკს. ამავე საქმეში ფიგურირებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ დემჩიშინი და ბიზნესმენი სერგეი კუზიარა.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს.

პოროშენკოს პარტიაში აცხადებენ, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში გაემგზავრა.