უკრაინული მედია – პოლონეთის სამხედრო დახმარების მასშტაბური პაკეტის უკრაინისთვის მიწოდება, სავარაუდოდ, შეჩერდა
პოლონეთის სამხედრო დახმარების მასშტაბური პაკეტის უკრაინისთვის მიწოდება, სავარაუდოდ, შეჩერდა. მიზეზი ლვოვის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომლითაც 2027 წელი „რომან შუხევიჩის, „უკრაინის მეამბოხეთა არმიისა“ და ოლეჰ ოლჟიჩის წლად“ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, კენჭისყრა სწორედ იმ დროს გაიმართა, როცა პოლონეთი სამხედრო დახმარების პაკეტის გაგზავნისთვის ემზადებოდა.
„ლვოვის საოლქო საბჭოს დეპუტატებმა სწორედ სამხედრო დახმარების მასშტაბური პაკეტის გაგზავნის მომზადების დროს ჩაატარეს ეს კენჭისყრა. მათი უპასუხისმგებლო ქმედების გამო ამ პაკეტის მიწოდება ამჟამად შეჩერებულია“, – აღნიშნავს წყარო.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებამ შეიძლება, არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობა, არამედ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობაც დააზიანოს.
„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დახურული არხების მეშვეობით იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც არაფრისგან შეიქმნა“, – განმარტავს წყარო.
ცნობისთვის, ლვოვის რეგიონულმა საბჭომ 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე 2027 წელი „რომან შუხევიჩის, „უკრაინის მეამბოხეთა არმიისა“ და ოლეჰ ოლჟიჩის წლად“ გამოაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ლვოვის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება რეგიონულ დონეზე მიიღეს დიპლომატებთან ან ცენტრალური მთავრობის ორგანოებთან კონსულტაციის გარეშე. უკრაინის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ლვოვის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება პოლონეთთან ურთიერთობებისთვის კონტრპროდუქტიულია. ამასთან, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარჩინ კერვინსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივის ავტორს, ლვოვის საოლქო საბჭოს დეპუტატ სვიატოსლავ შერემეტას შენგენის ზონაში შესვლა ხუთი წლით აუკრძალეს.