უკრაინული მედია - პეტრო პოროშენკოს უკრაინის გამოძიების ბიურო ეჭვმიტანილად მიიჩნევს
უკრაინული მედია - პეტრო პოროშენკოს უკრაინის გამოძიების ბიურო ეჭვმიტანილად მიიჩნევს

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ქვეყნის გამოძიების ბიურო ეჭვმიტანილად მიიჩნევს. როგორც პეტრო პოროშენკოს ადვოკატი, ილია ნოვიკოვი განმარტავს, საუბარია შიდა დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე სერგეი სემეჩკოს დანიშვნის გარემოებაზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადვოკატის განცხადებით, ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ პრეზიდენტისთვის წერილობითი სახით შეტყობინების გადაცემას დღეს გამოძიების ბიუროში შეეცადნენ, თუმცა, იმის გამო, რომ დეპუტატის მანდატის მქონე პირისთვის ასეთი შეტყობინების გადაცემა პირადად გენერალურმა პროკურორმა უნდა განახორციელოს, ამას კი უფლებამოსილების არმქონე პირი შეეცადა, ექსპრეზიდენტმა გამოძიების ბიუროს შენობა დატოვა.

პეტრო პოროშენკო უკრაინის გამოძიების ბიუროში დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე იძულებითი წესით დაკითხვაზე იყო დაბარებული. გავრცელებული ინფორმაციით, პოროშენკოსთვის კითხვები საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უნდა დაესვათ, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა. ადვოკატის განმარტებით, დაკითხვა არ მოხდა.