უკრაინული მედია – ნიუ იორკში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა დაძაბული გამოდგა

12:31, 23.09.2026

ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შეხვედრა დაძაბული გამოდგა, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გავრცელებული ცნობით, ნიუ იორკში შეხვედრის დროს ზელენსკიმ და ფონ დერ ლაიენმა უკრაინისთვის ფინანსური და თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინულმა მხარემ, კერძოდ, შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსული თავდასხმების შესაძლო გააქტიურებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტის გამო.

მედიის ცნობით, საუბრის დროს ზელენსკი აღშფოთებული იყო იმით, რომ ევროკავშირი დათანხმდა ორი რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას სანქციების გახანგრძლივების შეთანხმების ფარგლებში.

შეხვედრის შემდეგ ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად უფრო მეტ ძალისხმევას დებს, ვიდრე ოდესმე.

„ჩვენი ახალი სარაკეტო თავდაცვის პროგრამა ხელს შეუწყობს წარმოების მოცულობის სწრაფ ზრდას. უკრაინა კიდევ უფრო მეტ თავდაცვით მხარდაჭერას მიიღებს. და როგორც კი რეფორმები წინ წავა, ასევე გაიზრდება საბიუჯეტო მხარდაჭერაც. ამ კალენდარულ წელს ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 37 მილიარდი ევრო ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი