უკრაინული მედია – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 31 მაისს აპირებს დაბრუნებას

20:31, 27.05.2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას 31 მაისს აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ვებგვერდი „სტრანა.უა“ ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას კვირის ბოლომდე აპირებს.

„სააკაშვილს უკრაინაში დარჩა მომხრეები, აგრძელებს ფუნქციონირებას მისი პარტიაც, რომელის ლიდერიცაა და ხალხი მის მოწოდებას ელოდება. ის უკრაინაში წინასაარჩევნოდ ძალების მობილიზაციისთვის ჩავა“, – აცხადებენ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის გარემოცვის წევრები, რომელთა ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს.

როგორც გამოცემა წერს, არსებობს დიდი ალბათობა, რომ უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პოროშენკოს მიერ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გაცემულ განკარგულებას გააუქმებს.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედია წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სავარაუდოდ 29 მაისს ჩაფრინდება.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართა.

მსგავსი