უკრაინული მედია - კიევის მთავარი ნაძვის ხე ისე დაზიანდა, მისი ცნობა შეუძლებელია
უკრაინული მედია - კიევის მთავარი ნაძვის ხე ისე დაზიანდა, მისი ცნობა შეუძლებელია

უკრაინის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც კიევის ცენტრში დადგეს, ტრანსპორტირებისას ისე დაზიანდა, რომ მისი ცნობა შეუძლებელია, – ასე ეხმაურება უკრაინული მედია ახალი წლის მთავარი ატრიბუტის გარშემო მითქმა-მოთქმას.

საახალწლო დღესასწაულის ორგანიზატორის, იგორ დობრუცკის თქმით, პრობლემა ჯერ კიდევ გზის დასაწყისში, კარპატებში შეიქმნა, როცა სატვირთო მანქანა, რომელსაც ნაძვის გადაჰქონდა, ავარიაში მოყვა. დობრუცკის თქმით, ამ ინციდენტის გამო, ხემ 18 მთავარი და 70-მდე წვრილი ტოტი დაკარგა.

უკრაინულ მედიაში წერენ, რომ ამის გარდა, ხის დაზიანების მიზეზი არასწორად შერჩეული სატვირთოც იყო. მათი ინფორმაციით, მანქანის სიგრძე 28 მეტრს შეადგენდა, როცა ნაძვი – 30 მეტრის სიგრძისაა.

მიუხედავად სერიოზული დაზიანებებისა, რომლებიც უკრაინის მთავარ ნაძვს აქვს, საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხისთვის პრეზენტაბელური იერსახის მიცემა მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს. „რამდენიმე დღეში ამ ნაძვის ხეს ვეღარც იცნობთ“, – აცხადებს დობრუცკი.

მანამდე, კიევის ცენტრში დადგმულ საახალწლო ატრიბუტს გამოხმაურებები მოჰყვა ინტერნეტშიც. სოციალურ ქსელებში მას „მელოტი ნაძვის ხე“ შეარქვეს.