უკრაინელი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებიდან შეთავაზებას უარყოფს
უკრაინელი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებიდან შეთავაზებას უარყოფს

უკრაინული გამოცემა „ფუტბოლგაზეტას“ ცნობით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტის ერთ-ერთი პრეტენდენტი უკრაინელი მწვრთნელი იური ვერნიდუბია.

„საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ორი კვირის წინ სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი გადადგა. მან გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა ვერ მოახერხა. ჩვენი ცნობით, ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვაისის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს განიხილავს და ამ სიაში ვერნიდუბიც შედის“, – წერს გამოცემა.

ცხადია, ამ ინფორმაციას ქართველ გულშემატკივრებში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რადგან იური ვერნიდუბი დიდად ცნობილიც არაა და არც დიდი ავტორიტეტია. თავად ვერნიდუბმა ეს ინფორმაცია უარყო, ასეთი წინადადება ბუნებაში არ არსებობსო.

იური ვერნიდუბი 54 წლისაა და წარმატებული სპეციალისტია – თუმცა, მხოლოდ საკლუბო დონეზე. დაიბადა 1966 წლის 22 იანვარს უკრაინის ქალაქ ჟიტომირში. ფეხბურთის თამაში მშობლიურ ქალაქში დაიწყო. 1988 წელს იგი მიიწვიეს „დნიპროში“, მაგრამ გუნდი ისე დატოვა, რომ არცერთი თამაში არ ჩაუტარებია.

დაამთავრა ლესგაფტის აკადემია (პეტერბურგი). მუშაობდა​ მწვრთნელად​ ზაპოროჟიეს „მეტალურგში”. 2011 წლის ნოემბრიდან ლუგანსკის „ზორიას” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო, რომელსაც 2019 წლის 31 მაისამდე ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში, ლუგანსკის კლუბმა პირველად შეძლო ქვეყნის ეროვნული თასის ფინალში გასვლა და უკრაინის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლების მოპოვება. ასევე, ვერნიდუბის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ 5 სეზონი ევროპულ თასებზე ითამაშა და ორჯერ იყო ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე. 2016 და 2018 წლებში უკრაინის ჩემპიონატის სეზონის მწვრთნელად აღიარეს.

2019 წლის ნოემბრიდან ბელორუსულ კლუბს, სოლიგორსკის „შახტიორს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც ზაფხულში დატოვა. ის კლუბში ქართველმა სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა მიიყვანა.