ბერძნული გამოცემა – „ოლიმპიაკოსის“ გარდა, ზურიკო დავითაშვილის დამატება „პანათინაიკოსსაც“ სურს #1TVSPORT

11:29, 28.10.2026

„პანათინაიკოსმა“ მოლაპარაკებები დაიწყო „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელთან, ზურიკო დავითაშვილთან, რომლის ტრანსფერითაც ზაფხულში „ოლიმპიაკოსი“ იყო დაინტერესებული – ინფორმაციას Sportime-ი ავრცელებს.

„იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „პანათინაიკოსი“ „სენტ-ეტიენიდან“ ქართველი გარემარბის, ზურიკო დავითაშვილის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს. დიდი ხანია, ქართველი ფეხბურთელი ბერძნული კლუბების ყურადღების ცენტრშია – ადრე მისი ტრანსფერით „ოლიმპიაკოსი“ ინტერესდებოდა, თუმცა გარიგება არ შედგა.

„პანათინაიკოსი“ ფლანგების გაძლიერებას ცდილობს და სურს, ისეთი შემტევი მოთამაშე შეიძინოს, რომელსაც ინდივიდუალური ოსტატობით საგოლე მომენტების შექმნა, მეტოქის კარისთვის საფრთხის შექმნა და შეტევების განვითარებაში აქტიური მონაწილეობა შეუძლია.

ზურიკო დავითაშვილს ამ როლისთვის საჭირო თვისებები აქვს. ქართველი ფეხბურთელი კარგად ფლობს ბურთს, აქტიურია შეტევაში და საგოლე მომენტებსაც ქმნის. სწორედ მისმა ტექნიკურმა მონაცემებმა და ფლანგებზე თამაშის უნარმა უბიძგა „პანათინაიკოსს“ ამ ვარიანტის განხილვისკენ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ფეხბურთელის ამჟამინდელი მდგომარეობა საფრანგეთში. მიუხედავად იმისა, რომ დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ რჩება, საფრანგეთის მეორე დივიზიონში თამაში მის ამბიციებს არ შეესაბამება. საქართველოს ნაკრების წევრს უფრო მაღალ დონეზე თამაში სურს, რაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას ქმნის.

„პანათინაიკოსისთვის“ ეს ფეხბურთელი უცხო არ არის – კლუბს მისი დამატებას ზაფხულშიც სურდა. პირველი კონტაქტი უკვე შედგა, შემდეგი ეტაპი ფინანსური დეტალების, „სენტ-ეტიენის“ მოთხოვნებისა და შეთანხმების შესაძლო პირობების განხილვას გულისხმობს. ვითარება განსაკუთრებით საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ ადრე ამ პროცესში „ოლიმპიაკოსიც“ მონაწილეობდა. ახლა კი „პანათინაიკოსი“ გამოჩნდა, რათა გაიგოს, არსებობს თუ არა გარიგებისთვის შესაფერისი პირობები.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „პანათინაიკოსი“ ისეთი ფეხბურთელით ინტერესდება, რომლის შეძენაც მანამდე თავის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს სურდა. მაგალითად, კირიელ დესერსი და კინგსლი კანგვა სანამ „პანათინაიკოსში“ გადავიდოდნენ, მანამდე მათი შეძენა აეკ-ს უნდოდა“.

მსგავსი