უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად პერმში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, დაიღუპა ერთი ადამიანი
7 სექტემბრის დილით პერმზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
თვითმხილველების მიერ გადაღებული დრონით თავდასხმის ამსახველი ვიდეოები უკრაინულმა ტელეგრამარხებმა გამოაქვეყნეს.
თავდასხმა დაადასტურა პერმის მხარის გუბერნატორმა, დმიტრი მახონინმა. მისი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი კი დაშავდა.
„ტელეგრამში“ გავრცელებული ცნობებით, დრონების სამიზნე ასევე გახდა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზი“. ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში სულ 306 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
დრონებით თავდასხმის საფრთხის რეჟიმი ასევე გამოცხადდა ბაშკირეთში, უდმურტეთსა და თათრეთში. გუბერნატორ ოლეგ ნიკოლაევის განცხადებით, ჩუვაშეთში დაზიანდა მობილური კავშირის ანძა.