უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ეკატერინბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა
უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ეკატერინბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ლოგისტიკური ცენტრის სახურავზე სამი დრონი ჩამოვარდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სამსახურები და მეხანძრეები.
„სამი უპილოტო საფრენი აპარატი დაეცა ლოგისტიკური ცენტრის სახურავს. ადამიანები ევაკუირებულები არიან“, – განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სვერდლოვსკის ოლქის საჰაერო სივრცეში სულ რვა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა დრონებით თავდასხმებმა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Wildberries მნიშვნელოვნად დააზარალა. ბოლო კვირების განმავლობაში კომპანიის საწყობებზე განხორციელებულმა იერიშებმა შეაფერხა მიწოდების ქსელი, გაანადგურა საქონლის დიდი მარაგები და ზიანი მიაყენა ათასობით მცირე ბიზნესს.
„როიტერის“ ინფორმაციით, 18 ივლისიდან უკრაინამ Wildberries-ის საწყობებზე თითქმის ყოველდღიური შეტევები დაიწყო. დაზიანდა კომპანიის დაახლოებით 20 ობიექტი, რამდენიმე მათგანში კი მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. განადგურებული ან დაზიანებულია, სულ მცირე, 1.18 მილიონი კვადრატული მეტრი სასაწყობე სივრცე – კომპანიის მთლიანი შესაძლებლობების მეხუთედზე მეტი.