უკრაინული დრონები Wildberries-ის კიდევ ერთ საწყობს დაესხნენ თავს
უკრაინული დრონები Wildberries-ის კიდევ ერთ საწყობს დაესხნენ თავს, ამჯერად სამარის ოლქში. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა სამარის ოლქის დასახლება ნოვოსემეიკინოში მდებარე კომპანია Wildberries-ის დიდ საწყობზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
Wildberries-მა და სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა თავდასხმისა და ხანძრის ფაქტი დაადასტურეს.
ეს უკვე Wildberries-ის მეცხრე საწყობია, რომელსაც ივლისის შუა რიცხვებიდან უკრაინული დრონები დაესხნენ თავს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია სარატოვში განხორციელებული უკრაინული დრონების თავდასხმის შესახებაც. ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის განცხადებით, თავდასხმისა და მისი მოგერიების დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ბუსარგინს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად დაიღუპნენ ისინი. მედიის ცნობით, თავდასხმის მთავარი სამიზნე კვლავ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო, სადაც რამდენიმე ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.