უკრაინულ ლითიუმს კრიტიკული წიაღისეულის გლობალური ბაზრის შეცვლა შეუძლია
საილუსტრაციო ფოტო / უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი - Suspilne
კიროვოჰრადის ოლქში მდებარე პოლოხივისა და „დობრას“ საბადოები ევროპაში ლითიუმის უდიდეს საბადოებად ითვლება. მოპოვების სირთულისა და ომის გამო შეფერხებული განვითარების მიუხედავად, ამ რეგიონს შეუძლია უკრაინა ლითიუმის მწარმოებელი ქვეყნების ათეულში შეიყვანოს. პროექტის, „მილიარდიანი საბადოები: ლითონები, წიაღისეული, იშვიათი ელემენტები“ ფარგლებში, უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოიკვლია, თუ როგორ შეიძლება იქცეს კიროვოჰრადის ოლქი ევროპული ლითიუმის მოპოვების ცენტრად.
რა არის ლითიუმი და რატომ უწოდებენ მას „თეთრ ოქროს“?
ლითიუმი სამყაროში ყველაზე მსუბუქი ლითონია, წყალზე ორჯერ ნაკლებს იწონის და ზედაპირზე ტივტივებს. ქიმიის მასწავლებლის, ოლენა პანასენკოს თქმით, ეს ვერცხლისფერ-თეთრი ელემენტი დღეს გლობალური ტექნოლოგიური განვითათების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
„ლითიუმის უნიკალურობას მარტივი შედარებით მივხვდებით: თითქმის ყველა ლითონი მძიმეა, ლითიუმი კი იმდენად მსუბუქია, რომ წყლის ზედაპირზე ტივტივებს. სწორედ ამის გამო იყენებენ მას ელემენტების, აკუმულატორებისა და პორტატული დამტენების წარმოებაში. იგი ენერგიას სწრაფად ითვისებს და გასცემს, ხოლო სიმსუბუქის წყალობით მოწყობილობებს კომპაქტურს ხდის.”
აკუმულატორებისა და ავტოინდუსტრიის გარდა, ლითიუმი მინის, კერამიკისა და მედიკამენტების დასამზადებლად, ასევე ატომურ ენერგეტიკაში რეაქტორების გასაგრილებლად არის საჭირო.
კიროვოჰრადის ოლქის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის, მიკოლა სუხომლინის თქმით, ლითიუმს მასზე მოთხოვნისა და ფასის მკვეთრი ზრდის გამო „თეთრ ოქროს“ უწოდებენ.
უკრაინა გლობალურ კონტექსტში: მყარი ქანი შლამის სანაცვლოდ
ლითიუმის მსოფლიო მარაგები 13 მილიონ ტონას აჭარბებს და მისი 70% სამხრეთ ამერიკაში (ჩილეში, ბოლივიასა და არგენტინაში) მოიპოვება. მიკოლა სუხომლინის განცხადებით, უკრაინის რესურსი დაახლოებით 500 000 ტონას შეადგენს, რისი წყალობითაც ქვეყანა მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული რეგიონების ათეულში შედის. თუმცა, მისივე თქმით, უკრაინაში მოპოვების ტექნოლოგია სამხრეთ ამერიკისგან მკვეთრად განსხვავდება.
„სამხრეთ ამერიკაში ლითიუმს პირდაპირ ფსკერიდან მოიპოვებენ. ექსკავატორით ან დრაგით ამოღებულ ლამს ნაპირზე წელიწად-ნახევარს აშრობენ და შემდეგ ქანიდან ლითიუმსა და მაგნიუმს გამოყოფენ. უკრაინაში სულ სხვა ვითარებაა: ლითიუმი კრისტალურ გრანიტში, მყარ ქანებშია მოქცეული. შესაბამისად, ჩვენ ექსკლუზიურად ბურღვა-ფეთქებადი მეთოდის გამოყენება მოგვიწევს“.
უკრაინაში ამ ლითონს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, დონეცკის ოლქში მოიპოვებდნენ. მოგვიანებით, არამომგებიანობის გამო, მაღაროები დაკონსერვდა. მიკოლა სუხომლინის თქმით, იმ ტერიტორიების რუსული ოკუპაციის შემდეგ, ყურადღება კიროვოჰრადის ოლქს მიეპყრო.
რესურსებით მდიდარი პოლოხივის საბადო
უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ექსპერტები კიროვოჰრადის ოლქის საბადოების მთავარ ეკონომიკურ უპირატესობად მათ კომპლექსურ შემადგენლობას მიიჩნევენ.
კერძოდ, კომპანია Ukrlitiivydobuvannia-მ პოლოხივის საბადოს ათვისების სპეციალური ლიცენზია 2017 წელს მიიღო. მადანში ლითიუმის შემცველობა 1,34%-იდან 1,4%-მდე მერყეობს, რაც, კონკრეტული უბნის მიხედვით, 70 000-იდან 1,2 მილიონ ტონამდე ლითონს იძლევა.
„პოლოხივის საბადო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან ლითიუმის გარდა, იშვიათი ელემენტების მთელ სერიას, მათ შორის ტანტალს, ნიობიუმს, ცეზიუმს, ტელურსა და იტრიუმს შეიცავს. ადრე მხოლოდ ერთი ტიპის წიაღისეულს მოიპოვებდნენ. რადგან ჩვენ კომპლექსური საბადოები გვაქვს, მათი ათვისებაც ინტეგრირებული მიდგომით, ეკონომიკურად ბევრად მომგებიანია“.
მისი თქმით, თითქმის ცხრა წლის წინ დაწყებული კვლევითი და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები პოლოხივის საბადოზე დღესაც გრძელდება. სრულმასშტაბიანი მოპოვების დაწყება კი რუსეთის ფედერაციის შემოჭრამ შეაფერხა.
„დობრას“ საბადო: ოქროს ძიებიდან ამერიკულ ინვესტიციებამდე
მიკოლა სუხომლინის თქმით, 1 700 ჰექტარზე გადაჭიმულ „დობრას“ საბადოს საინტერესო ისტორია აქვს. 1990-იან წლებში, კიროვოჰრადის ოლქის სტეპებში გაგზავნილი გეოლოგიური ექსპედიცია ოქროს, ალმასსა და ურანს ეძებდა, თუმცა შედეგად ლითიუმის საბადო აღმოაჩინა.
„1991 წელს 47-ე გეოლოგიური ექსპედიცია ოქროს საბადოების ძიების გასაგრძელებლად გაიგზავნა. ბურღვისას მათ მადნის თითო ტონაში 1-2,5 გრამი ოქრო აღმოაჩინეს. რაც შეეხება ლითიუმს, დედამიწის მთელი წიაღისეული 100 პროცენტად რომ ავიღოთ, მასზე მხოლოდ 0,0065 პროცენტი მოდის. ეს უკიდურესად იშვიათი ელემენტია, რომელიც სხვა ლითონებთან, მათ შორის ვოლფრამთან, მოლიბდენსა და იშვიათ ელემენტებთან ნაერთებში გვხვდება“.
წელს „დობრას“ საბადოს ათვისების ტენდერში ევროპელი და ამერიკელი ინვესტორების კომპანიამ, Dobra Lithium Holdings-მა გაიმარჯვა. კომპანია გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებში 179 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
კომპანიამ ლიცენზია 2025 წელს უკრაინასა და აშშ-ს შორის გაფორმებული ორმხრივი „წიაღისეულის შეთანხმების“ საფუძველზე მიიღო. დოკუმენტი 57 დასახელების წიაღისეულს მოიცავს და ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს, საიდანაც შემოსული თანხები ექსკლუზიურად უკრაინის წიაღისეულის ათვისების, ინფრასტრუქტურისა და გადამუშავების სექტორებს მოხმარდება. ამასთან, წიაღისეულზე სრული კონტროლი უკრაინის სახელმწიფოს რჩება.
ლითიუმის ფასი იზრდება
ელექტროტრანსპორტისა და ელექტრონიკის სწრაფმა განვითარებამ ამ იშვიათ ლითონზე გლობალური მოთხოვნა და ფასები მკვეთრად გაზარდა. თუ 1989 წელს მსოფლიოში 189 000 ტონა ლითიუმი მოიპოვებოდა, 2021 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 400 000 ტონას მიაღწია. თავად უკრაინა წელიწადში 100-200 ტონას მოიხმარს, ამიტომ, მიკოლა სუხომლინის თქმით, მთავარი პოტენციალი ექსპორტსა და გადამუშავებაშია.
„თუ 1991 წელს ერთი კილოგრამი ლითიუმი დაახლოებით 1 500 დოლარი ღირდა, 2007 წელს მისმა ფასმა 2 000 დოლარს მიაღწია, ხოლო 2016-2017 წლებში 20 000 დოლარამდე გაიზარდა“.
მისივე თქმით, ამჟამად ლითიუმის გარკვეული სახეობების ფასი კილოგრამზე 50 000 დოლარს აღწევს.