„უკრაინსკაია პრავდა“ – ვალერი ზალუჟნიმ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შემთხვევაში კენჭს იყრის

11:55, 01.07.2026

ვალერი ზალუჟნიმ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შემთხვევაში კენჭს იყრის, – ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს. როგორც უკრაინული მედიის სტატიაშია აღნიშნული, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი კიევში შეხვედრაზე დაიბარეს, სადაც ჰკითხეს, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის შესაძლო გადადგომის ფონზე, ვალერი ზალუჟნი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად კიევში ჩავიდა. შეხვედრის პირველი ნაწილი დიდ ბრიტანეთში არსებულ ვითარებასა და უკრაინა-ბრიტანეთის ურთიერთობებზე მის შესაძლო გავლენას შეეხო. თუმცა, გამოცემის წყაროების ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ საუბარი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე გაიმართა.

„ზელენსკიმ თქვა, რომ ბოლო პერიოდში ფრონტზე ვითარება დადებითად ვითარდება, საზოგადოება კვლავ საკმაოდ გაერთიანებულია და ამიტომ არჩევნების ჩატარებისთვის შესაძლებლობის ფანჯარა გაჩნდა. თუმცა მთავარი ამოცანაა, არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ ქვეყანამ ახალი შიდა განხეთქილება არ მიიღოს. შესაბამისად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავიდან უნდა იყოს აცილებული  რისკები, რასაც ზელენსკისა და ზალუჟნის დაპირისპირება გამოიწვევს“, – წერს გამოცემა.

„უკრაინსკაია პრავდის“ ცნობით, საბოლოოდ ზელენსკიმ ზალუჟნის პირდაპირ ჰკითხა: „არჩევნები შემოდგომაზე თუ გაიმართება, იყრით თუ არა კენჭს?“ გამოცემის წყაროების თქმით, ზალუჟნიმ ცალსახად უპასუხა: „დიახ“.

სტატიის მიხედვით, ამის შემდეგ საუბარი კიდევ გაგრძელდა, თუმცა ზელენსკის ზალუჟნისთვის კარიერული განვითარების კონკრეტული ვარიანტები აღარ შეუთავაზებია.

„ამას აზრი აღარ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წრეებში არსებული წყაროების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად იყო, განეხილა არა მხოლოდ დიპლომატიური თანამდებობები, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი სამთავრობო, მათ შორის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც“, – წერს გამოცემა.

თავის მხრივ, ზალუჟნი, როგორც „უკრაინსკა პრავდის“ წყაროები აცხადებენ, ცდილობდა, საკუთარი პოზიცია აეხსნა. ზალუჟნის თქმით, მას არასდროს სურდა პოლიტიკური კარიერა, თუმცა ბევრი ადამიანი მასზე იმედებს ამყარებს და ვერ აუხსნის მათ, რატომ უნდა უგულებელყოს მათი ნდობა.

„უკრაინსკაია პრავდის“ ინფორმაციით, კიევში ყოფნის პერიოდში ზალუჟნის ასევე შეხვდნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია.

„მათ პრაქტიკულად იგივე არგუმენტები გაიმეორეს: საზოგადოების შესაძლო განხეთქილება, ზედმეტად კონფლიქტური საარჩევნო კამპანიის საფრთხე და სახელმწიფოებრივი რისკები. ზალუჟნის პასუხი უცვლელი დარჩა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველაზე გამოცდილ მომლაპარაკებლებსაც კი არგუმენტები ამოეწურათ, თუმცა დამშვიდობებისას სთხოვეს ზალუჟნის: „ძმაო, კიდევ ერთხელ დაფიქრდი““, – ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი