„უკრაინსკაია პრავდა“ - ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვამდე ერთი კვირით ადრე უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიაში ერმაკის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელში ჩხრეკა ჩაატარა
„უკრაინსკაია პრავდა“ - ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვამდე ერთი კვირით ადრე უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიაში ერმაკის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელში ჩხრეკა ჩაატარა

ივლისის შუა რიცხვებში უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, გერმანელ სამართალდამცველებთან ერთად, მიუნხენის შემოგარენში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, როსტისლავ შურმას საცხოვრებელში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინასკაია პრავდა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედიასაშუალებასთან საუბარში მისი წყაროები აცხადებენ, რომელთა შორის არიან პარლამენტის წევრები, 15 ივლისის დილით როსტისლავ შურმამ პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს დაურეკა და შეატყობინა, რომ მიუნხენის შემოგარენში მის საცხოვრებელ მისამართზე უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებმა, გერმანელ სამართალდამცველებთან ერთად, ჩხრეკა ჩაატარეს და მისი ტელეფონი ამოიღეს.

„უკრაინსკაია პრავდას“ მტკიცებით, შურმასთან ჩხრეკიდან ერთ კვირაში პრეზიდენტმა საჯაროდ დაადანაშაულა ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა „არაეფექტიანობაში“ და ხელი მოაწერა კანონს ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვის შესახებ.

„პრეზიდენტის ოფისი შეშფოთებულია იმით, რომ შურმას სახლში საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული არიან გერმანელი სამართალდამცველები, რომლებიც, როგორც ცნობილია, არ თანხმდებიან მსგავს ზომებს ყველა შესაბამისი კანონიერი საფუძვლის დეტალური შემოწმების გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ ფიგურანტები საზღვარგარეთ იმყოფებიან, საქმე საერთაშორისო მასშტაბს იძენს. თუ უკრაინელი დეტექტივებისა და პროკურორების დისკრედიტაცია ან პარლამენტის ან გენერალური პროკურორის საშუალებით კონტროლს დაქვემდებარებაა შესაძლებელი, გერმანელებთან ეს შეუძლებელია“, – ნათქვამია „უკრაინსკაია პრავდას“ სტატიაში.

სამართალდამცველ ორგანოებში გამოცემის წყაროების ინფორმაციით, შურმას ორივე ძმა, რომელთაგან ერთ-ერთი კორუფციული სქემის გამოძიების ფიგურანტია, საზღვარგარეთ ცხოვრობს. კერძოდ, 2023 წლის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, უკრაინის სახელმწიფო უხდიდა ელექტროენერგიის საფასურს შურმას ძმის მზის ელექტროსადგურების კომპანიას, იმის მიუხედავად, რომ სადგურები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს. აღნიშნული პუბლიკაციის შემდეგ ანტიკორუფციულმა ბიურომ შურმას გარემოცვისთვის სახელმწიფო გადახდების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როსტისლავ შურმამ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ეკონომიკურ მიმართულებას კურირებდა, თანამდებობა 2024 წლის სექტემბერში დატოვა. მაშინ უკრაინული მედია წერდა, რომ თანამდებობიდან მისი გადადგომის მიზეზი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ პუბლიკაციები და აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა გახდა.

შურმა უკრაინიდან გერმანიაში გამგზავრებისას საზღვარი გადაკვეთა, როგორც სამი არასრულწლოვანი შვილის მამამ. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, 10-11 ივლისს ის რომში უკრაინის რეკონსტრუქციის საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა.

მანამდე „უკრაინსკაია პრავდასთვის“ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა, სავარაუდოდ, ამზადებენ ბრალის წარდგენას ბიზნესმენისა და სტუდია „კვარტალ 95-ის“ მფლობელისთვის, ტიმურ მინდიჩისთვის, რომელიც უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა.