უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, საფრანგეთის ლიდერს აცნობა ბრძოლის ველზე და უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე არსებული სიტუაციების შესახებ. მისი ცნობით, ემანუელ მაკრონთან განიხილა თანამშრომლობა უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„მივაწოდე მას ინფორმაცია ბრძოლის ველზე და უკრაინის ატომურ სადგურებზე არსებული სიტუაციის შესახებ. მივუთითე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციაზე. ასევე, განხილულ იქნა თანამშრომლობა უკრაინის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად“, – წერს ზელენსკი.
ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ ემანუელ მაკრონმა პარიზში მოლდოვის მხარდასაჭერ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.
„უკრაინის ყოველ სამხედრო გამარჯვებაზე, ხარკოვის ოლქის დაბრუნებაზე, ხერსონის დაბრუნებაზე რუსეთი რეაგირებს უკრაინის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურაზე ახალი იერიშებით“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.